პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეში არსებული ჩანთის ექსპერტიზა ამ დრომდე მიმდინარეობს და ვისთან ჰქონდა მას შემხებლობა, კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ამ თემაზე კითხვას პროკურორმა ბრიფინგზე უპასუხა.
ჩანთასთან მიმართებით დანიშნულია შესაბამისი საექსპერტო კვლევები, აქედან გამომდინარე კონკრეტულად ვისთან ჰქონდა ამ ჩანთას შემხებლობა, რომელმა პირმა მოათავსა ის იქ, სადაც იქნა აღმოჩენილი, ამ კითხვებზე ზუსტი პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც დასრულდება საექსპერტო კვლევები, - თქვა ამირან გულუაშვილმა.
მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნებს სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემადაც ელოდებიან. პროკურორის განცხადებით, შუალედური ექსპერტიზის პასუხები პასუხს გასცემს კითხვას, რა პერიოდი გაატარა გიორგი შაქარაშვილის სხეულმა წყალში. კომპლექსური კვლევის დასრულების შემდეგ კი საზოგადეობას პასუხებს გააცნობენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. გამოძეიბის მტკიცებით ეს ხუთი პირია: ვ. ჩ., ა. ქ. ზ.ხ., ა. გ. ნ. რ.
ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს.