სისხლის სამართლის საქმე პასუხგაუცემელი კითხვებით და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებით - "სტუდია მონიტორის" მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებიდან იკვეთება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და მოსამართლეები ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის განხილვის პროცესში ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ. ამას გარდა, პოლიციის მე-4 სამმართველოში გამომიძებელმა უფროსის სახელზე პატაკი თავადვე შეადგინა.
საუბარია 2021 წლის იანვარში, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე, სადაც ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ. საქმეზე გამოძიება დაიწყო და ორ მოქალაქეს ძარცვისთვის 5-წლიანი პატიმრობა მოსამართლე მაია ქოქიაშვილმა მიუსაჯა, თუმცა საქმეში თვითმხილველი არ არსებობს, ძარცვის ვერსიის დამტკიცებას კი ორი დაზარალებული და 11 გამომძიებელი ცდილობს.
ე.წ. შეკერილი საქმის უკან შსს-ს მაღალჩინოსნის გავლენები იკვეთება - ერთ-ერთი მსჯავრდებული მისი დაპატიმრების მოტივაციად შსს-ის მაღალჩინოსანთან უთანხმოებას ასახელებს.
ძარცვისთვის დაკავებული პირების ოჯახის წევრებმა სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს. საქმის განხილვა 18 სექტემბერსაა ჩანიშნული.