დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე გამოიკითხება. პროცესი 14:00 საათზეა ჩანიშნული.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მამა ამბობს, რომ სასამართლო მიზანმიმართულად ჭიანურდება, პროცესები მაქსიმუმ 35 წუთი გრძელდება და ყველა სხდომაზე მხოლოდ ერთი მოწმე იკითხება.
"არსებითი პროცესი დაიწყო და არის უკვე მეხუთე პროცესი, ყოველ ჯერზე, პირველად ჰყავდათ ორი მოწმე, იმის შემდეგ ერთ-ერთი, სასამართლო მხოლოდ 35 წუთი, მაქსიმალურად უწელავენ ლაზარეს დროს, მაქსიმალურად უნდათ, რომ ამ ბავშვს, ახალგაზრდას წაართვან თავისუფლება და ჰყავდეთ დილეგში ჩასმული და რა ვიცი რა მოსდის იქ მის ფსიქიკას. უწელავენ ბავშვს, უნდათ გაამწარონ და იჯდეს ტყუილ-უბრალოდ", - თქვა ლაზარე გრიგორიადისის მამამ.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.