ბრალი მტკიცებულებების გარეშე-პროკურატურამ შაქარაშვილის საქმე გახსნილად გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმეში 5 პირს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმეს. სავარაუდო დანაშაულისთვის, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ  რევაზიშვილს, ვახო ჩიქოვანს და ორ არასრულწლოვანს ბრალი უკვე წარედგინა. ხუთივე მათგანი ტრაგედიის ღამეს "ტოიოტა ქამრის" მგზავრები იყვნენ.

საგანგებო ბრიფინგზე საქმის პროკურორი დღეს აცხადებდა რომ მათ დანაშაულს უტყუარი მტკიცებულებები ამყარებს, თუმცა სახელმწიფო ბრალდებამ ვერც ერთი მათგანი ვერ წარმოადგინა. ამ დრომდე დადგენილი არ არის ბრალდებულთა შემხებლობა შაქარაშვილის სასტიკი ცემის ეპიზოდთან, რამაც ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალება გამოიწვია.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირი და არც ერთი მტკიცებულება. ტრაგიკული შემთხვევიდან თითქმის 2 თვის თავზე გამოძიებას ჯერ ისევ არ დაუდგენია გიორგი შაქარაშვილის სხეულსა და სამოსზე აღმოჩნდა თუ არა ბრალდებულთა დნმ-ს კვალი, სამედიცინო ექსპერტიზის პასუხი უნდა იყოს მთავარი მტკიცებულება, რომელმაც საქმის ბუნდოვანებას ნათელი უნდა მოფინოს. დღეს პროკურატურამ პირველად თქვა, რომ შაქარაშვილი ცემის შემდეგ წყალში სიმაღლიდან გადაგდებული არ არის.

უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრიდან პროკურატურამ მხოლოდ ერთი პირის შესახებ არ ისაუბრა. ტრაგედიის ღამეს ვასილ მახარაძე სწორედ ამ ავტომობილს მართავდა, თუმცა სახელმწიფო ბრალდება ამ ეტაპზე მახარაძის ბრალეულობას ვერ ხედავს. მიუხედავად იმისა რომ საქმეში არსებული მასალებიდან დგინდება რომ სამრეცხაოსთან მახარაძე 6 წუთის განმავლობაში მანქანიდან იყო გადმოსული და სხვა პირებთან ერთად შაქარაშვილს და მის მეგობრებს მისდევდა.  

შაქარაშვილის საქმე დღეიდან გახსნილად გამოცხადდა. ორთვიანი გამოძიების მიუხედავად ჯერ ისევ დაუდგენელია საქმის ოქროს მოწმის ამირხანაშვილის ირგვლივ არსებული ბუნდოვანებები, მიუხედავად იმისა რომ საქმეში "ოქროს მოწმის" რამდენიმე შეცვლილი ჩვენება დევს, ამირან გულუაშვილი ცდილობდა რომ საქმის ეს დეტალი აუცილებელ დაზუსტებად წარმოეჩინა და არა შეცვლილ ჩვენებებად. სისხლის სამართლის საქმეში ამ დრომდე დადგენილი არც ის არის დადგენილი ტრაგედიის ადგილზე ნაპოვნ ჩანთაზე არის თუ არა კიდევ სხვა პირის დნმ-ს კვალი.

პროკურატურის ოფიციალური პოზიციის შემდეგ განცხადება მოკლული ფეხბურთელის ოჯახმაც გააკეთა. მირიან ნიკოლაძემ შაქარაშვილის საქმე გახსნილად გამოაცხადა და თქვა რომ გამოძიების მიმდინარეობის ამ ეტაპზე კითხვის ნიშნები არ აქვს. თუმცა ოჯახი სასამართლო განხილვის დროს თვალყურს მიადევნებს რომ მკვლელობის საქმეში ბრალდებული ყველა პირი უმკაცრესად დაისაჯოს.

ბრალი ე.წ. ნახალოვკელების დაჯგუფების 5 წევრს გლდანის ციხეში წარუდგინეს. დაცვის მხარის განცხადებით პროკურატურამ რეალური მტკიცებულებების გარეშე იხელმძღვანელა და დანაშაულის უმძიმესი მუხლი ვარაუდების დონეზე წარუდგინა. სწორედ ამიტომ ვარაუდობენ რომ სასამართლო განხილვის დროს სურათი მნიშვნელოვნად შეიცვლება.

ტრაგიკული ღამიდან 2 თვე გადის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე კი ათობით ექსპერტიზაა ჩანიშნული, მხარეები ამ დრომდე გენეტიკური ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან, რის შემდეგაც პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას რომელიც ამ დრომდე 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმის მთავარი ბუნდოვანი ნაწილია. დნმ-ს საბოლოო დასკვნის შემდეგ კი შესაძლოა ბრალდებულთა წრე კიდევ გაიზარდოს.    

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი