"მედიის ადვოკატირების კოალიცია" ტელეკომპანია "ფორმულას" ტელეწამყვანის, ირაკლი ტაბლიაშვილის მიმართ მუქარის ფაქტებს გმობს და ამბობს, რომ ეს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ტაბლიაშვილის წინააღმდეგ მუქარის შემთხვევები სასწრაფოდ გამოიძიოს და პასუხისმგებელი პირები კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს.
"ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირდა არაერთი ინციდენტი, რომლის დროსაც ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, გაქურდეს თუ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს. ცოტა ხნის წინ იმავე ტელეკომპანია "ფორმულას" თანადამფუძნებელსა და წამყვანს, მიშა მშვილდაძეს სცემეს.
ბოლო წლებში საქართველოში საგანგაშო ტენდენციად იქცა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დაშინება, დისკრედიტაცია და მათზე ძალადობა, პოლიტიკური ზეწოლა თუ სამართლებრივი შევიწროება. ირაკლი ტაბლიაშვილის წინააღმდეგ მუქარა არის კრიტიკული ხმის გაჩუმებისა და ჟურნალისტის დაშინების კიდევ ერთი აშკარა მცდელობა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ირაკლი ტაბლიაშვილის წინააღმდეგ მუქარის შემთხვევები სასწრაფოდ გამოიძიოს და პასუხისმგებელი პირები კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს. ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები ირაკლი ტაბლიაშვილის დასაცავად და უზრუნველყოს მისი და სხვა ჟურნალისტების უსაფრთხოება, რათა მათ შეძლონ პროფესიული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება," - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტსა და წამყვან ირაკლი ტაბლიაშვილს რამდენიმე დღეა უცნობი რუსულენოვანი პირები სხვადასხვა ნომრიდან უკავშირდებიან და ემუქრებიან. ჟურნალისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა და პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება.