თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ს ექსპერტების ჩართვა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ვახტანგ გომელაური დღევანდელი განცხადებით გენერალურ პროკურორს დაუპირისპირდა, რომელმაც გარდაცვლილის ოჯახს გასულ კვირას უთხრა, რომ საქმეში FBI ჩაერთვება. შოთაძემ ადვოკატს ის დოკუმენტიც აჩვენა, რომელიც გენერალური პროკურორის მტკიცებით ამერიკაში უკვე გადაგზავნილია. შესაბამისად გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახისთვის ორი უწყების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.
გომელაურის განცხადებას წინ უსწრებდა სატელეფონო ზარი ბაჩალიაშვილის ოჯახში. გარდაცვლილის მშობლები და ადვოკატი შსს-ში დღეს მესამედ დაიბარეს.
როგორც გაირკვა ბაჩალიაშვილს მოქმედი სამსახურეობრივი მეილი და მეორე Facebook ექაუნთი დარჩა, რომლის გახსნაც გუშინ სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა ვერ შეძლეს. მას შემდეგ, რაც ოჯახმა შეხვედრისას, კატეგორიულად მოითხოვა, რომ ბმულები გასაშიფრად FBI-ს ექსპერტებისთვის გადაეგზავნათ, პაროლების გახსნის მისია საკუთარ თავზე შსს-მ აიღო.
მიხეილ რამიშვილი იმასაც ამბობს, რომ თამარის მოქმედ სამსახურეობრივ მეილს პაროლი გასულ კვირას შეეცვალა. ადვოკატის თქმით, ამ ფაქტზე კომპანია ZAG-ის წარმომადგენლების განმარტება, რომ თამარის ელექტრონული ფოსტა მისი სამსახურიდან წასვლის შემდეგ უნდა გაუქმებულიყო მიუღებელია, რადგან მეილი მოქმედია, პაროლი კი შეცვლილი.
ოჯახი დარწმუნებულია, რომ ყველა ეს ფაქტი თამარის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის გაყალბების მცდელობაა. ეჭვს, რომ გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიის გამტკიცებას ჯიუტად ცდილობს და სხვადასხვა მოტივს ეძებს, ოჯახსა და მათ ინტერესების დამცველს ბევრი დეტალი უმყარებს. ერთ-ერთია უცნობის წერილი მომავალში, რომელიც რეალურად ანონიმურია.
"მთავარმა არხმა" "მომავალი მე"-ს წარმომადგენელი ჩაწერა. გაირკვა, რომ კრიმინალური პოლიციიდან წერილის ამოსაღებად 6 აგვისტოს მივიდნენ. ანუ შსს-ს მიერ გამოცხადებული შუალედური შედეგების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში.
ადვოკატი, ოჯახი და დამოუკიდებელი ექსპერტი საქმის მასალების გადაცემას ამ დრომდე უშედეგოდ ელის. გამოძიების გაჭიანურებაზე საუბრობს ცენტრ ემპათიას დირექტორი. მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ეს ფაქტი საქმეში არსებულ ბუნდოვანებას კიდევ უფრო ზრდის. მარიამ ჯიშკარიანი არც იმას გამორიცხავს, რომ ამ ფონზე ემპათიას კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების საშუალება არ მიეცეს.
მას შემდეგ რაც თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს სამი კვირა გავიდა. გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს პასუხი, როდის დასრულდება ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზა და როდის გახდება ცნობილი, რა გახდა 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების მიზეზი.
ასევე, ამ დრომდე არ დევს საქმეში სამძებრო სამუშაოების ამსახველი კადრები. გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ გაჭიანურების მიზეზი ერთადერთია, გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიის გამყარებას ყველა საშუალებით ცდილობს.