სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის გამოკითხვა.
მურად თავართქილაძესა და ედგარ აბასოვს ბრალი უკვე წარედგინა. მათ გამოძიება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას "ისლამური სახელმწიფოს" დროშები და ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს.
კახეთში მცხოვრები 34 წლის მურად თავართქილაძის ოჯახის წევრები "რადიო თავისუფლებასთან" ყვებიან, რომ ყველა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ძალოვანებმა სახლში თავად მოათავსეს და შემდეგ ამოიღეს. ოჯახის ახლობელი კი, ამბობს, რომ დაკავებულის სახლში მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს და შეუძლებელია თავართქილაძეს აქ ასაფეთქებელი მოწყობილობები შეენახა.
ორივე დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
"გავეცანი საქმის მასალებს, დაიკითხა ბრალდებული, არ აღიარებს ბრალს. [აღკვეთის სახით] საპატიმრო ღონისძიება იქნება ალბათ", - ამბობს ედგარ აბასოვის ადვოკატი.
იხილეთ: