საკრუიზო ლაინერით "ასტორია გრანდე" ბათუმში კიდევ ერთი მოგზაურობაა დაგეგმილი. ამჯერად "ვარსკვლავური კრუიზით" ბათუმში ტურისტებთან ერთად რუსული ტელეკომპანია RU.TV-ის წამყვანები და ოკუპანტი ქვეყნის ესტრადის წევრები ჩამოვლენ. ესენი არიან - ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი, ასევე არტისტები დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი და ტესტოსტერონი.
გემი 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაივლის მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული და ბოლოს ისევ სოჭში დაბრუნდება.
ტურის ფარგლებში საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 31 ივლისს გამთენიისას 6 საათზე შემოვა და მას შემდეგ, რაც მისი მგზავრები ქალაქს დაათვალიერებენ, დროს გაატარებენ, ბათუმს საღამოს 22 საათზე დატოვებს.
ცნობისთვის, ბათუმში გუშინაც შემოვიდა საკრუიზო ლაინერი "ასტორია გრანდე". მან ნავსადგური საღამოს აქციის ფონზე დატოვა. აქცია მოქალაქეებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც სოჭიდან შემოსული გემის მგზავრებმა მედიასთან კომენტარის დროს თქვეს, რომ რუსეთი ოკუპანტი არაა, რომ ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ, რომ რუსებმა აფხაზეთი ჩვენგან "გაათავისუფლეს". ერთ-ერთმა მგზავრმა "მთავარ არხს" უთხრა, რომ თავადაც ნამყოფია აფხაზეთში, რაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანინის დარღვევაა.