როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე 8 პირი დააკავეს, 2-ის მიმართ ძებნა გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირი მიმართ დაიწყო, მათგან 8 დაკავებულია, ორის მიმართ კი ძებნა გამოცხადდა.

უწყების განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წელს საქმეზე - "შავაძე საქართველოს წინააღმდეგ" ევროპული კონვენციის მეორე მუხლის, სიცოცხლის უფლების  როგორც პროცედურული, ასევე არსებითი  ნაწილის დარღვევა დაადგინა.

"სასამართლოს შეფასებით, იმჟამინდელი მთავრობის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ როინ შავაძის სიკვდილი, დაკავებისას მისი გაქცევის აღსაკვეთად საჭირო ძალის გამოყენების შედეგი იყო, არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ამდენად სასამართლომ როინ შავაძის მიმართ ლეტალური ძალის გამოყენების ოფიციალური ვერსია არ გაიზიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება საქმეზე ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე და გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებდა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საუბარია 2008 წლის 16 აგვისტოს მომხდარზე. პროკურატურის განცხადებით, "კუდ"-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, ბათუმში ერთ-ერთ კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.

"სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ - ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და  შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.
მომხდარის თვითმხილველი გახდა ათეულობით მოქალაქე, ვინაიდან ინციდენტი მოხდა დღის საათებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას.

ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს. ბათუმის გასასვლელთან მათ დამატებით სპეცდანიშნულების რაზმის სხვა წევრები შეუერთდნენ. 

ქობულეთის და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გარდა ამისა, პროკურატურა აღნიშნავს, რომ როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად,  კუდ-ის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, თითქოს როინ შავაძის მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი