"ფრონტერას" თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს - ისინი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ნავთობმომპოვებელი კომპანია “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა დედოფლისწყაროში აქცია გამართეს - აქციის მონაწილეები ისევ სახელფასო დავალიანების დროულ დაფარვასა და სამსახურში აღდგენაას ითხოვენ.

მათ დღეს კომპანიის კუთვნილი მანქანა, რომელიც ნავთობის გატანას გეგმავდა, რამდენიმე საათის განმავლობაში შეაფერხეს და ტერიტორიიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

შეკრებილების თქმით, მძიმე ფინანსური კრიზისი გახდა მიზეზი, რის გამოც კომპანიის  ერთ-ერთმა   თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

თვეები ვიმუშავეთ და ახლა კომპანიას არ სურს ამ დავალიანების დაფარვა. სამსახურიდან უსამართლოდ გაგვათავისუფლეს. სახელმწიფომ “ფრონტერას” საარბიტრაჟო დავაც მოიგო და დაეკისრა ჩვენი დავალიანების გასტუმრებაც, მაგრამ ამ დრომდე კომპანიის ხელმძღვანელობას  გამოტანილი  გადაწყვეტილების შესრულება არ უნდა. ჩვენს უკან ჩვენი ოჯახები და შვილები დგანან, მათ რა ვაჭამოთ, უკვე აღარ ვიცით. წამლების ფული არ ჰქონდა და ძალიან უჭირდა, ამიტომ ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა თავი მოიკლა,- თქვა აქციის ერთერთმა მონაწილემ. 

კომპანიის დედოფლისწყაროს მენეჯერს, გიორგი ჯანიაშვილს არ აქვს კითხვაზე პასუხი, თუ  როდის და რა ვადებში მოხდება ყოფილი თანამშრომლებისთვის დავალიანების ჩარიცხვა. 

“ფრონტერას“ წინააღმდეგ სახელმწიფომ საარბიტრაჟო დავა ცოტა ხნის წინ მოუგო. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება განსაზღვრავს “ფრონტერას” შესაბამის ვალდებულებებს როგორც ძებნა-ძიების ტერიტორიის დაბრუნების, ასევე შესაბამისი თანხების ანაზღაურების ნაწილში. 
 
რამდენიმე დღის წინ მთავრობამ  მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კომპანიის  თითოეული გათავისუფლებული თანამშრომლი ერთჯერადად 1200 ლარს მიიღებს, ამის შესახებ 6 აგვისტოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.  

კომპანია „ფრონტერას“, 84 თანამშრომლის, დაახლოებით 17-თვიანი, ჯამში მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს. თანამშრომლებმა კომპანია „ფრონტერას“ სასამართლოში რვა თვის წინ უჩივლეს. გათავისუფლებული თანამშრომლები ანალოგიური ხასიათის აქციებს რამდენიმე თვეა პერმანენტულად მართავენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ, ჰააგის საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების ფონზე, მაინც გააგრძელა კონტრაქტი „ფრონტერასთან“ და შესაძლებლობას მისცა კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით, კერძოდ, საქართველოს, როგორც საინვესტიციო ქვეყნის დადებითი რეპუტაციისა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის პოზიტიურ ნიშნულზე შენარჩუნების აუცილებლობით დაასაბუთა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი