საქართველოს მთავრობა, ჰააგის საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების ფონზე, მაინც აგრძელებს კონტრაქტს „ფრონტერასთან“ და შესაძლებლობას აძლევს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.
ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოს, ქართულმა მხარემ, 2018 წლის 15 იანვარს მიმართა, ის "ფრონტერას" საქართველოს სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევას ედავებოდა. კომპანია კი, თავის მხრივ, აცხადებდა, რომ მის საქმიანობას სახელმწიფო უშლიდა ხელს, რის გამოც კომპანია თითქმის 4 მლრდ დოლარით დაზარალდა.
21 აპრილს, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ განაცხადა, რომ კომპანია „ფრონტერას“, ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში დავის დიდი ნაწილი მოუგეს.
ამის საპასუხოდ, "ფრონტერამ" 29 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ისინი კმაყოფილი არიან ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, ხოლო მთავრობის საჯარო განცხადებები მიმართულია არბიტრაჟის რეალური გადაწყვეტილების შედეგიდან ყურადღების გადატანისკენ.
"ფრონტერასა" და საქართველოს მთავრობის დაპირისპირებას ფონად სდევდა არაერთი განცხადება თუ წერილი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის სენატორებისა თუ მაღალი თანამდებობის პირებისგან; 16 მაისს ამერიკელმა სენატორებმა ტედ კრუზმა და ჯონ კორნინმა, კონგრესმენებთან ჯოდი არინგტონთან და მარკვეინ მალენთან ერთად სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს და აშშ-ს ფინანსთა მინისტრს სტივენ მნუჩინს წერილით მიმართეს, სადაც ბიძინა ივანიშვილს აშშ-ს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებასა და რუსეთის ლობირებაში ადანაშაულებდნენ. ამ ქმედების მაგალითად კი წერილში, ამერიკელმა კანონმდებლებმა "ფრონტერას" საქმე მოიყვანეს.
საქართველოს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში ეს წერილი ივანიშვილზე აშშ-ის მხრიდან ზეწოლის გაძლიერებად შეფასდა. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა კი საპასუხოდ თქვეს, რომ მარკვეინ მალენი "ფრონტერას" ლობისტია და ასევე, მათ არ სჭირდებათ საერთაშორისო პარტნიორი, რომელიც ქვეყნის სამართლებრივ საკითხებში ამ ფორმით ერევა.
შეგახსენებთ, 2 ივნისს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთვის მიწერილ წერილში კომპანია "ფრონტერა" ამერიკული ინვესტიციების მიმართ დისკრიმინაციასა და საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის ნგრევაზე წერდა. ამ წერილშივე კომპანია 2013 წლიდან საქართველოში შემოსულ რუსულ კომპანია "როსნეფტის" საქმიანობაზეც საუბრობს, რომელიც, "ფრონტერას" თქმით, საქართველოს კანონების დარღვევისა და აშშ-ს სანქციების მიუხედავად, ქვეყანაში დაუბრკოლებლად ოპერირებს.
24 ივნისს ამერიკულმა კომპანიამ საქართველოს კიდევ ერთი წერილით მიმართა, რომელშიც მოუწოდებდა ქართულ მხარეს, "ფრონტერასთან" დადებული ხელშეკრულება ცალმხრივად არ შეწყვიტათ, ვინაიდან, ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მთავრობას ამის უფლება არ აქვს.
თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა "ფრონტერას" ადანაშაულებდა, რომ კომპანია ჰააგის ტრიბუნალის შედეგების მიჩქმალვას ცდილობდა, ამისთვის კი იურიდიული მხარიდან, ყურადღება, ლობისტებზე გადააქვს და ამ მიმართულებით დიდ ფულს ხარჯავს. მმართველი გუნდის მტკიცებით, ამერიკის კონგრესში რეგისტრირებულ კანონპროექტშიც "ფრონტერას" ხელიც ურევია.
შეგახსენებთ, რომ ეს კანონპროექტი, საქართველოსთვის გამოყოფილი და უკვე შემცირებული ფინანსური დახმარებიდან 15%-ის დაკავებას გულისხმობს და ეს იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებას საფრთხე არ ემუქრება, არ არის კორუფცია და დაცულია კანონის უზენაესობა.
"ფრონტერას" საქართველოს ოფისის დირექტორი ზაზა მამულაშვილი ამბობს, რომ საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო არახელსაყრელია ამერიკული ინვესტიციებისთვის, ამის გამოსასწორებლად კი ხელისუფლება არაფერს აკეთებს. მისი მტკიცებით, კომპანია სწორედ ამ მიზეზების გამო ვეღარ ახერხებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას.
ქართული მხარე კი, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დღეს, 23 ივლისს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "ფრონტერასთვის" კონტრაქტის გაგრძელებას ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით, კერძოდ, საქართველოს, როგორც საინვესტიციო ქვეყნის დადებითი რეპუტაციისა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის პოზიტიურ ნიშნულზე შენარჩუნების აუცილებლობით ასაბუთებს.
ავტორი: მარიტა რატიანი