ბათუმის პორტში აქცია გრძელდება - ადგილზე შეკრებილი არიან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ლაინერი Astoria Grande, რომელმაც საქართველოში რუსი ტურისტები შემოიყვანა, პორტში 6-ის ნახევარზე შემოვიდა. გემზე იმყოფებიან უკრაინაში ომისა და პუტინის მხარდამჭერებიც.
აქცია ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, პოლიციამ ადგილზე 10-მდე სამოქალაქო აქტივისტი დააკავა.
მოქალაქეები ადგილზე რჩებიან და დაშლას არ აპირებენ, მანამ სანამ ლაინერი პორტს არ დატოვებს, აქციის მონაწილეების თქმით, ადამიანებს, რომლებიც გემზე იმყოფებიან, ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ.
"ვიდგებით აქ, სანამ ეს გემი აქედან არ გავა. არავინ უნდა შევუქმნათ კომფორტი ამ ტურისტებს. მე გუშინ Fercbook გვერდზე მოვძებნე რაღაცები და აღმოვაჩინე, რომ ამ გემში არიან ადამიანები, რომლებიც ნამყოფი არიან გაგრაში, სოხუმში, აქ არიან ადამიანები, რომლებსაც ოკუპაციის კანონი აქვთ დარღვეული და ამის გამკონტროლებელი ვინ არის, რა თქმა უნდა არავინ. მიკვირს, როგორ მუხლებზე არ დადგნენ აქ და მეტანიებით არ ეგეგბებიან აქ. სავარაუდოდ, გამოიყვანენ ამათ და ეკიპაჟით მოატარებენ ბათუმს და მერე ისევ შეაბრძანებენ. ბუნებრივია, ჩვენ ამის მოთმენას არ ვაპირებთ და აქ ვიქნებით მანამ საჭიროა და დავდგებით მაგრად", - თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
ბათუმის პორტთან აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე გამოჩნდნენ რობოკოპები და სპეცრაზმიც. მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეებს პორტის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ მისცა, რასაც ხმაური და დაძაბულობა მოჰყვა - შედეგად, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
ცნობისთვის, მანამდე, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, კომპანია, რომელიც საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ფლობს, აშშ-სა და უკრაინის მიერაა სანქცირებული. ავტორი: თევა ვაშალომიძე