ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი საღამოს, 7 საათზეც შეიკრიბებიან და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
როგორც ერთ-ერთი აქტივისტი ამბობს, მათი დაკავება უკანონო იყო, რადგან აქციის მონაწილეები არც წესრიგს არღვევდნენ და არც პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას.
"6-მდე პირია უკვე დაკავებული, დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია, რადგან შიგადაშიგ აკავებენ პირებს და ფიზიკურად ვერ მოხერხდა ყველას მიგნება ჯერჯერობით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ამბავს მოვიკითხავთ და გავარკვევთ, ვინ სადაა გადაყვანილი და ვის რა ბრალს სდებენ და ასევე, 7 საათზე, დღეს საღამოს, ამის შესახებ დაიდება ინფორმაცია, ჩვენ კვლავ შევიკრიბებით და ასევე მოვითხოვთ ჩვენი დაკავებული მეგობრების გათავისუფლებას, რადგან მათი დაკავება იყო უკანონო, ისინი არ არღვევდნენ წესრიგს, არ აყენებდნენ შეურაცხყოფას პოლიციელებს და უმეტესობა მათგანი დააკავეს უბრალოდ იმიტომ, რომ აგინებდნენ ამ გემს," - თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
ცნობისთვის, ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 10-მდე სამოქალაქო აქტივისტი დააკავა.
პორტში აქცია გრძელდება - საკრუიზო გემზე მყოფი რუსი ტურისტები და პუტინის პროპაგანდისტები ჯერჯერობით გემიდან არ ჩამოსულან. არსებული ინფორმაციით, ისინი სავარაუდოდ, საპასპორტო კონტროლის გავლას ელოდებიან, რის შემდეგაც, გემიდან ჩამოსვლას შეძლებენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ, მანამ სანამ ლაინერი ბათუმის პორტს არ დატოვებს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე