ბათუმში საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების ნაწილის სასამართლო პროცესები, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. 23 დაკავებული, რომელთაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან, აჭარიდან სხვადასხვა რეგიონების წინასწარი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს. მათ ადგილსამყოფელს უფლებადამცველები საათობით არკვევდნენ, რადგან პოლიცია ინფორმაციას მალავდა.
ოზურგეთშია მოთავსებული უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელიც იზოლატორში ცუდად გახდა და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ კვლავ იზოლატორში დააბრუნეს.
სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება "დროას" წევრი გენრი დოლიძე. ადვოკატის თქმით, ის ნაცემია და სახესა და კიდურებზე დაზიანებები აქვს.
"ფიზიკური დაზიანებების კვალი აშკარად ეტყობათ, სისხლჩაქცევები აქვთ, სისხლნაჟღენთები აქვთ. როგორც მათ განაცხადეს, ეს მიიღეს პოლიციელების მხრიდან უშუალოდ დაკავების მომენტის შემდგომ, როდესაც ისინი იყვნენ დაკავებულები. ამის შემდგომ, როგორც გენრი დოლიძემ განაცხადა, მასთან მივიდა პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და წაქცეულზე ფეხით, წიხლით ურტყა სახის არეში. მეორე არის გიორგი გველესიანიმ ისიც ასევე გახლავთ ნაცემი. მესამე პირი, სამწუხაროდ, მე არ მინახავს და არ ვიცი მისი მდგომარეობის შესახებ ," - ამბობს ადვოკატი ოთო ჭანტურიძე.