ბათუმის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების პროცესები მიმდინარეობს. 23 დაკავებულიდან გუშინ 15-ის პროცესი გაიმართა, დღეს კი სასამართლო დარჩენილი 8 პირის საქმეს განიხილავს.
დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან, თავად კი პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ.
"არავისთვის არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიმიყენებია, არც ზედმეტი ძალადობა. რაღაც ბრბო მოვიდა თავს დამესხა, ცემა-ტყეპით, ხელის გადაგრეხვით, მახრჩობელაც გამიკეთა და რამდენიმე საათი მიმიყვანეს მთავარი სამმართველოში. უკვე ნახევრად მკვდარი მანქანაში ჩამაგდეს და მერე სამმართველოში მიმიყვანეს, მერე რაღა უნდა ეძალადათ, ისედაც მკვდარი ვიყავი. მერე მოვხვდი საავადმყოფოში, 4 საათი ვიყავი, გადაღებები გავაკეთე, მხრისა და კისრის ძლიერი დაჭიმულობა მაქვს," - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რეზო მიქელაძე.
ბრალდებულთა ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციები იცავენ. ადვოკატები პროცესების გადადებას ითხოვდნენ, რადგან მათ საქმის მასალები ამ დრომდე არ გადასცემიათ და, როგორც ამბობენ, არც საკმარისი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოეპოვებინათ. ამიტომ, დაკავებულთა ძირითადი ნაწილის სასამართლო პროცესი 7-8 აგვისტოსთვის გადაიდო.
ავტორი: თეა ვაშალომიძე