შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადვოკატ შოთა თუთბერიძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. ვახტანგ გომელაურის უწყება თუთბერიძეს 2 ივნისს პარლამენტთან გამართული ბანერების აქციის დროს ხულიგნობას, პოლიციელის შეურაცხყოფას და დაუმორჩილებლობას ედავება.
იმ საღამოს სულ 7 ადამიანი დააკავეს, ბანერების ნაწილზე კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები, ნაწილი კი საერთოდ ცარიელი იყო.
სასამართლოსთვის მიმართვის ვადა შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს ეწურებოდა. მოსამართლემ სხდომა 15 სექტემბრამდე გადადო.
"2 ივნისს დამაკავეს პარლამენტის წინ, კიბეებზე ვიყავი ჩამომჯდარი და მედო ფეხებთან პლაკატი, რომელზეც იყო საპროტესტო სიტყვა დაწერილი. ამის გამო დამაკავეს ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ბუნებრივია სრულიად უსაფუძვლოდ და კანონსაწინააღმდეგოდ. მე ვფიქრობ ეს იყო სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი ჩემს მიმართ. ამ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა საკმაოდ დიდია და მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე მთავრობა გადაეფარება იმ ადამიანებს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ამ დანაშაულის ჩადენის ბრძანება გასცეს. მე ვფიქრობ რომ ყველა მათგანს მოუწევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.''- ამბობს შოთა თუთბერიძე.