შიდა ქართლის პოლიცია კიდევ ერთ სკანდალში ეხვეა - ტყვიავის განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე შესაძლოა, საბრალდებო სკამზე აღმოჩნდნენ. ძალოვანი უწყება ასაიდუმლოებს საქმეს, რის გამოც მაღალჩინოსნებს უფლება-მოსილება აქვთ შეჩერებული.
"მთავარმა არხმა" გაარკვია, რომ გენერალური ინსპექცია მოკვლევას აწარმოებს, გამოიყენეს თუ არა სამართალდამცველებმა თანამდებობები ბოროტად. ერთ-ერთი ვერსიით, ზაქრო შერმადინისა და ზურაბ ტერტერაშვილის პოსტები ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეს შეეწირა, რომლის დროსაც ერთი ქალი გარდაიცვალა.
"მთავარის" წყაროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა უბედურ შემთხვევად გაასაღეს და ამაში ტყვიავის პოლიციის მაღალჩინოსნები პირადად მონაწილეობდნენ.
გააყალბეს თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევის საქმე და აიღეს თუ არა ამაში თანხა ტყვიავის პოლიციის მაღალჩინოსნებმა? "მთავარი არხი" დაინტერესდა და ამ კითხვის დასმა მათთვის გვინდოდა. თუმცა ისინი კონტაქტზე არ გამოვიდნენ. ტყვიავის პოლიციის ყოფილმა უფროსმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მოქმედი თანამშრომლები ამბობენ, რომ რამდენიმე დღეა, არც მათი უფროსი და არც მისი მოადგილე არ უნახავთ.
"მთავარს" შინაგან საქმეთა სამინისტოში უთხრეს, რომ ორივე პოლიციელს თანამდებობის დატოვება ერთდროულად მოუნდათ და პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს.