საერთაშორისო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების მიუხედავად, ქვეყანაში მონიტორინგის სისტემები არ ფუნქციონირებს - სად წავიდა $74 მილიონი?

გამოქვეყნდა:

რამდენად მზად არის ჩვენი ქვეყანა უბედურ შემთხვევებსა და  კატასტროფებზე რეაგირებისთვის? ირკვევა რომ ვერტმფრენების არარსებობის გარდა ქვეყანაში არ ფუნქციონირებს გამართული რეაგირებისა და მონიტორინგის სისტემები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით  საშუალებას იძლევა წინასწარ განისაზღვროს პოტენციურად საშიში ზონები. მიუხედავად იმისა რომ ფინანსები მსგავსი ტიპის სისტემების შესყიდვისა და მონტაჟისთვის საერთაშორისო ფონდებიდან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გრანტებიდან გამოყოფილია, ამ დრომდე ქვეყანა კვლავ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს. 

ირკვევა რომ  ჯერ კიდევ  2018 წელს, სამი საერთაშორისო დონორის დახმარებით - გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაიწყო პროგრამა, რომელიც გულისხმობდა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების შემცირებისა და რისკების ადრეული გაფრთხილების დანერგვას და ამ პროექტის ჯამური ღირებულება 74 მილიონ დოლარს შეადგენდა.  პროგრამის დამფინანსებლები იყვნენ  კლიმატის მწვანე ფონდი  ბიუჯეტი - 27 მილიონი დოლარი,  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო- ბიუჯეტი 5 მილიონი დოლარი და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო - 4 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს მთავრობას ჰქონდა ვალდებულება პროექტი დაეფინანსებინა 38 მილიონი დოლარით. 

რისთვის უნდა გამოყენებულიყო ეს თანხა? 

პროგრამის თანახმად  დაფინანსების  მიზანი იყო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების უშუალო ზემოქმედების შემცირება და ქვეყნის მასშტაბით  ადრეული გაფრთხილების სისტემისა და რისკის შესახებ ინფორმაციის შექმნა. პროექტის ფარგლებში უნდა  მომხდარიყო ჰიდრომეტეოროლოგიური  მონიტორინგის ქსელის განახლება და გაფართოება და  ასევე ცენტრალიზებული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც მოგვცემდა საშუალებას ადრეულ ეტაპზე  განგვესაზღვრა და შეგვეფასებინა რისკები და საფრთხის შემთხვევაში ადრევე მომხდარიყო მაგალითად მოსახლეობის ევაკუაცია კატასტროფის ზონიდან. 

ვერ მოვიძიეთ ინფორმაცია რას მოხმარდა გამოყოფილი 74 მილიონი დოლარი და როგორ მოხდა ამ თანხის ათვისება.

იმავე 2018 წელს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა  ხელშეკრულება რომელიც  გულისხმობს კატასტროფებისა და უბედური შემთხვევების მართვის სისტემების განვითარებას და მოდერნიზებას, თუმცა როგორ მიმდინარეობს პროგრესი, ამას ისევ ადამიანური ტრაგედიები გვაჩვენებს. 
 

ავტორი: ზურა პეტროსიანი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი