მასშტაბური თაღლითური სქემა, რომლის მსხვერპლიც ასზე მეტი ემიგრანტი გახდა. დაზარალებულები "მთავარ არხთან" დეტალურად ყვებიან, როგორ მუშაობს თაღლითური ქსელი - ემიგრანტებს ფულის სანაცვლოდ ბინადრობის მოწმობას სთავაზობდნენ, თანხის მიღების შემდეგ კი უცხოეთში მცხოვრები ქართველები ქრებიან.
არსებული ინფორმაციით, ემიგრანტებისთვის თანხის გამოძალვის სქემაში ცოლ- ქმარი მონაწილეობენ.
დაზარალებულთა ნაწილი ამბობს, რომ დაპირებული დოკუმენტების ნაცვლად სიცოცხლის მოსპობის მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიიღო.
"მთავარმა" მოიპოვა ჩანაწერებიც, სადაც მუქარა ისმის. სავარაუდო თაღლითური სქემის ერთი-ერთ მთავარი ფიგურანტი დათვით ჩიხლაძეა, რომელიც საქართველოდან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო გაქცეულ ემიგრანტებს ბინადრობის მოწმობის მიღების სანაცვლოდ 700-დან 1 500-ევრომდე თანხას სძალავდა. ის აუდიოჩანაწერის თანახმად ერთ-ერთ დაზარალებულს ემუქრება და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.
დანაშაულებრივი სქემის სავარაუდო ორგანიზატორი ემიგრანტებს ჰპირდებოდა, რომ დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში გადადგილებას უპრობლემოდ შეძლებდნენ, თანხის ჩარიცხვიდან 8 თვის ვადაში მიიღებდნენ.
"მთავარი" დაუკავშირდა იმ ადამიანებსაც, რომლებიც ემიგრანტების მტკიცებით, თაღლითურ სქემაში არიან ჩართულები. ჩვენთან საუბარში ეს პირები ემიგრანტების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ რომ მათ, თანამოქალაქეების საბუთები შესაბამის უწყებაში შეაქვთ, გადაწყვეტილებას კი პოლონური მხარე იღებს.