შოვში სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს. მმართველი გუნდის ლიდერმა დღევანდელ ბრიფინგზე "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ინფორმაციას, რომ ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა.
სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძის პოსტზე, სადაც მას აღწერილი ჰქონდა დისშვილთან ერთად რა გზის გავლა მოუწია, კობახიძემ თქვა, რომ "გადასამოწმებელია ეს ყველაფერი". მისთვის გაუგებარია რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა.
"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი? 3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე", - დაწერა მარიამ ბერიანიძემ სოციალურ ქსელში.
"როცა გგონია, რომ ამაზე მეტი ფსკერი რა უნდა მოხდეს მაგრამ ყოველ ჯერზე ცდები. ბატონო ირაკლი 11 დღის განმავლობაში ერთხელ რომ დაინტერესებულიყავით გადარჩენილების მდგომარეობით და მომხდარით იქნებ გაგეგოთ, რომ ტალღა რომელმაც დაგვარტყა 20-სანტიმეტრიანი კი არა 3 მეტრიანი იყო, მეწყრის ამ ტალღამ კიდევ რამდენიმე მეტრი გვათრია, ტალახის კიდეზე კი არა მეწყრის შუაგულში ვიყავით და დიახ 3 საათი!!! 3 საათი ვითხოვდით შველას, ვიფლობოდით მეწყრის 4 მეტრამდე ტალახში და განწირულები ვითხოვდით შველას, იქნებ 112 ის ჩანაწერები მაინც შეამოწმოთ ჩვენი თუ არ გჯერათ. ან იქნებ სტიქიის ეპიცენტრიდან გადაღებულ ფოტოებს გაეცნოთ ერთი ვიდეო მეც მაქვს და გამოგიგზავნით. იქნებ დამანახოთ სად არის ის ნაპირი სადაც ჩვენ გავიჭედეთ, მე კი დაგანახებთ მეწყრის ცენტრალურ ნაწილში გაჭედილ 16 ადამიანს! იმ ადგილზე ვიყავით გაჭედილები, რომლის გაწმენდა დღეისთვის არ მომხდარა რადგან მეწყრის ყველაზე დიდი ნაწილი მანდაა ჩამოტანილი და მაშველებისთვისაც საშიში ზონაა! ჩვენ გადაგვიარა მეწყერმა და გადავრჩით თურმე შესაძლებელი ყოფილა გადარჩენაც მაგრამ ამის აღიარება არა! მთლიანად სირცხვილია ეს ბრიფინგი! სირცხვილია თქვენი გულგრილობა, სირცხვილია ეს ქვეყანა!" - დაწერა მან.
შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 21 იდენტიფიცირებულია. 9 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.