"ვაიმე, ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი" - ასე ეხმაურება შოვში, მეწყერში მოყოლილი დავით ჯელაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას. ჯელაძის პოსტზე, სადაც მას აღწერილი ჰქონდა დისშვილთან ერთად რა გზის გავლა მოუწია შოვში, რომ გადარჩენილიყვნენ, კობახიძემ თქვა, რომ "გადასამოწმებელია ეს ყველაფერი". მისთვის გაუგებარია რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა.
"ვერ გეტყვით ამ ფოტოზე, ერთი, რომ რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი. რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა. ბევრი ადამიანი დარჩა [...] ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ამიტომ, გადასამოწმებელია ეს ყველაფერი", - თქვა კობახიძემ.
ჯელაძემ Facebook-ზე გაავრცელა ფოტო წარწერით: "ეს ანასტასიაა, ჩემი უშიშარი და მებრძოლი. ტასი 4 საათის განმავლობაში ებრძოდა ამ საშინელებას". მმართველი გუნდის ლიდერმა სპეკულაცია და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ინფორმაციას, რომ ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა.
ლანა ჯელაძე, დავით ჯელაძის და, რომელიც სტიქიის დღეს შოვში იმყოფებოდა წერს:
"იმის მაგივრად რომ მოგეკითხეთ, ჩემს ოჯახს და იქ გადარჩენილებს შეურაცხყოფას გვაყენებთ…შენ რა ადამიანი ხარ? - წერს ლანა ჯელაძე სოციალურ ქსელში.
მარიამ ჯელაძე სოციალურ ქსელში წერს:
"16 ადამიანი. ვითხოვდით შველას, ტალახში ვიხრჩობოდით 4 საათი.ღმერთმა სასწაული მოახდინა და გადავრჩით.მადლობ უფალს, მადლობა ჩემს რაჭველ ბიჭებს ჩვენამდე მოაღწიეს და გამგვიყვანეს იმ ჯოჯოხეთიდან, როგორ არ გრცხვენია, ირაკლი კობახიძე მსგავს განცხადებას რომ აკეთებ. საერთოდ გაჩუმდი და ხმას ნუ იღებ".
შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 21 იდენტიფიცირებულია. 9 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.
დავით ჯელაძის ფოტო "მთის ამბები".