დისკრიმინაციული კარანტინი - შეზღუდვები სამშობლოში დაბრუნებული ქართველებისთვის

გამოქვეყნდა:

ბერლინში მცხოვრები ქართველი არქიტექტორი საქართველოს მთავრობას დისკრიმინაციული კარანტინის გამო უჩივის. თორნიკე კუბლაშვილისთვის, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს, აბსურდული და ალოგიკურია მთავრობის მიდგომა, რომ ტურისტებისგან განსხვავებით ე.წ. მწვანე ქვეყნებიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა უწევთ.

ქართველმა არქიტექტორმა, რომლის ინტერესებსაც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს, მთავრობის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, სასამართლო განხილვა სექტემბრამდე გადაიდო - მიზეზი მოპასუხე მხარის მიერ სავალდებულო დოკუმენტების არქონა გახდა. მოსარჩელე ამბობს, რომ გადადებულ სხდომაზე გამოტანილი გადაწყვეტილება, შესაძლოა, საერთოდ არაფრის მომცემი აღარ იყოს.

ქართველი არქიტექტორი არ არის ერთადერთი, ვისაც 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი და ფრენების შეზღუდვა დისკომფორტს უქმნის. გერმანიაში მცხოვრები ნინო ცეცხლაშვილი საქართველოში დაბრუნებას და შვილების ნახვას ვერ ახერხებს. მის მდგომარეობაშია ათასობით ემიგრანტი, ვისაც შვებულება ზაფხულში მხოლოდ ორი კვირით აქვს. 

ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ფრენების არასრულფასოვნად აღდგენა მოახლოებულ საარჩევნო პერიოდს უკავშირდება. მათივე შეფასებით, ემიგრანტების დაბრუნება ხელისუფლების ინტერესში არ შედის, რადგან "ოცნებაში" შიშობენ, რომ ემიგრაციაში მყოფები მათი ამომრჩევლები არ იქნებიან.

კიდევ უფრო მწვავეა "ევროპული საქართველოს" კრიტიკა ხელისუფლების მიმართ. გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ მთავრობა ავიაკომპანიებს არჩევნებამდე ფრენების განხორციელებას უკრძალავს.

მთავრობის მიერ 8 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება ემიგრანტებისთვის დიდ პრობლემად იქცა. მათ ამ დრომდე  არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეძლებენ სავალდებულო კარანტინის გავლის გარეშე ქვეყანაში დაბრუნებას.
 

ავტორი : ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი