ორი არასრულწლოვანი 64- წლის ბებიასთან ერთად პატრა ფიცრულში ცხოვრობს, რომელსაც სახურავი თითქმის არ აქვს. სოციალურად დაუცველი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო 150 ლარია. ბავშვების დედა რამდენიმე წლის წინ მძიმე დაავადების გამო გარდაიცვალა. ოჯახმა მისი მკურნალობა და გადარჩენა ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.
საგანგებო მდგომარეობისა და მკაცრი რეგულაციების პირობებში ციალა წურულაშვილის ოჯახი უკიდურესად მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა, სოციალურად დაუცველი სტატუსის მიუხედავად ოჯახს სახელმწიფოსგან დახმარება არ მიუღია.
ბებია, რომელიც 2 ბავშვს მეზობლებისა და ახლობლების დახმარებით ზრდის იმ ადამინების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ფიქრობენ, რომ covid-19-ის პერიოდში მათი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.
IRI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 82% თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მიუხედავად არაერთი სტრატეგიული გეგმის შეთავაზებისა, თუ როგორ უნდა დაეღწიათ მოქალქებს კორონაპანდემიის შემდეგ შიმშილისთვის თავი, ხელისუფლებამ ოპოზიციის მოსაზრებები არ გაითვალისწინა. ამიტომაც, სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
ეკონომისტები ფიქრობენ,რომ მმართველი პარტიის მხრიდან გამოყოფილი თანხა, რომელიც კორონაპანდემიის პირობებში მოქალაქეებისთვის უნდა გადაეცათ, ამომრჩევლის მოსყიდვას ემსახურება.
გაღატაკებული და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები კი ეკონომიკური კრიზისის პირისპირ არიან დარჩენილები. ქვეყანაში, სადაც ყველაზე მთავარი პრობლემა მოსახლეობისთვის უმუშევრობა, მაღალი ფასები და გაჭირვებაა.