შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბოლო 24 საათში იდენტიფიცირებულია სამი ცხედარი. ნიკა ჩალაძე, თემურ ჩარკვიანი და დიტო ფირცხალავა, სოფელ ლაგვანთის მკვიდრები შოვში სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად იყვნენ ჩასულები, როცა მეწყერში მოყვნენ.
შესწორება: მოგვიანებით ნიკა ჩალაძის მეუღლემ მედიასთან განაცხადა, რომ მისი ქმრის ცხედრის იდენტიფიცირება არ მომხდარა.
"[სამი ცხედარია იდენტიფიცირებული, რომლებიც ერთი სოფლიდან არიან, ადასტურებთ?] დიახ, ვადასტურებ. დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარია ნაპოვნი, გრძელდება შვიდი დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. გარდაცვლილებიდან 23 უკვე იდენტიფიცირებულია. რა თქმა უნდა, ძბენის სამუშაოები გრძელდება, საქართველოს პრემიერმინისტრის მითითებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება მოქალაქეების პოვნის", - თქვა რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძე.
შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 26 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 23 იდენტიფიცირებულია. ეძებენ მინიმუმ 7 ადამიანს. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.