
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში სვანეთში იმყოფებოდა და საეჭვო სიმპტომები აქვს, შესაბამისი კვლევის ჩატარებისკენ მოუწოდებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ამბობს, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია და მესტიაში ინფექცია ძირითადად ლოკალიზებულია.
ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია. ძალიან ინტენსიური გამოკვლევები მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით 2 ათას 800- მდე ნიმუშია აღებული მესტიაში, დაახლოებით 350 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მესტიაში ძირითადად ინფექცია ლოკალიზებულია. სასიამოვნოა, რომ მოსახლეობამ ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა მესტიაში იგრძნეს საფრთხე და მიმართეს მედიკოსებს. 600- მდე ადამიანმა მიმართა და სამს ჰქონდა დადებითი. მოვუწოდებთ მოსახლეობას რომ ვინც ნამყოფია სვანეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში და დაეწყება სიმპტომები აუცილებლად მიმართონ შესაბამის სამსახურებს და დარეკონ 112 -ზე და ჩაიტარონ კვლევა. ასევე თუ არ აქვთ სიმპტომები, მაგრამ აქვთ ინტერესი შეუძლიათ მივიდნენ და ჩაიტარონ PCR კვლევა” - ამბობს გამყრელიძე.
მისივე თქმით, არ არსებობს პანიკისა და ქალაქების ჩაკეტვის საფუძველი, თუმცა გამყრელიძე მოსახლეობას ხალხმრავალი შეკრებებისგან ისევ თავშეკავებას ურჩევს
ხაზს უსვამ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია. ეს შემთხვევები არ გახლავთ ის შემთხვევა რომ პანიკას მივეცეთ. არავითარი ჩაკეტვა არ იქნება ქალაქების. მოგეხსენებათ ჩვენ დაუბრუნდით ცხოვრების ნორმალურ რიტმს და ეს ასეც უნდა იყოს. კორონავირუსი ხვალ და ზეგ არ გაქრება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან თანაცხოვრებას. ინფექცია თანდათან მსუბუქდება. დიდი თავშეყრებისაგან თავი შევიკავოთ, თავი ავარიდოთ დიდ ქორწილებს, ქელეხებს და ა.შ." ამბობს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსი 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი.
გარდა ამისა, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020-2021 წლის სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან, საკლასო ოთახებში განახლდება, თუმცა გაკრვეული შეზღუდვებითა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით.
ავტორი: თეა ვაშალომიძე