რუსთავის საპატიმროში პატიმარმა ერთი კვირის მანძილზე თვითმკვლელობა უკვე მეორედ სცადა. 20 წლის ბადრი წოწორიამ პროტესტის ნიშნად ამჯერად, საპარსი სამართებელი ე.წ „ბრიტვა“ გადაყლაპა.
პატიმრის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბადრი წოწორიას რუსთავის სასჯელაღსრულების ნომერ მეექვსე დაწესებულების ზედამხედველები ფიზიკურად უსწორდებოდნენ, რის გამოც ზეწოლას ვეღარ გაუძლო და თვითმკვლელობა სცადა.
ბადრი წოწორიამ ე.წ „ბრიტვა“ მაშინ გადაყლაპა, როდესაც ის კლინიკაში იმავე მიზეზით, მეტალის უცხო სხეულის გადაყლაპვის გამო მკურნალობდა.
დაზარალებული პატიმრის დედა და ადვოკატი მომხდარი ფაქტის გამოძიების დაწყებამდე, შვილის უსაფრთხოების მიზნით, მის ჯერ კლინიკაში, ხოლო შემდგომ სხვა საპატიმროში გადაყვანას მოითხოვენ.
ციხის ზედამხედველობის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.