ჯგუფური დანაშაულის სახით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული ბანკის მიკრო საკრედიტო ექსპერტია, რომელსაც პოტენციურ მსესხებელთა იდენტიფიკაცია ევალება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და შეთანხმდნენ, რომ მოეძიებინათ ფიზიკური პირების პირადობის მოწმობის ასლები, რომელთა გამოყენებითაც, ბანკიდან მოტყუებით შეძლებდნენ სესხების მიღებას.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც მუშაობდა ბანკში მიკრო საკრედიტო ექსპერტად და ევალებოდა პოტენციური მსესხებლის იდენტიფიკაცია, ბიზნეს კრედიტის განაცხადების განხილვა, დანაშაულებრივ ქმედებაში თანამონაწილე პირების მიერ მიწოდებული ფიზიკური პირების დემოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ახდენდა ფიქტიური განაცხადების რეგისტრაციას საბანკო პროგრამაში, უთითებდა გამოგონილ ბიზნეს-საქმიანობას, რაც ვითომდა ადასტურებდა კლიენტის კომერციულ საქმიანობას.
აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, ბრალდებულების მიერ ბანკიდან მოტყუებით მიღებული და დაუფლებული იქნა 193 300 ლარი - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.