19-დან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა - ამოღებულია 51 "მანოკი"

გამოქვეყნდა:

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2023 წლის 19 აგვისტოდან, 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოავლინეს.

დაფიქსირდა უკანონო საშუალებით, ხელნაკეთი მოწყობილობით (ე.წ. მანოკი) ნადირობის ფაქტებიც. ნადირობის სეზონის დაწყებიდან 12 დღის განმავლობაში, სულ ამოღებულია 51 "მანოკი".

"უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 30 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში. 26 ფაქტია გამოვლენილი იმერეთში, 11 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10 - შიდა ქართლში, 7 - კახეთში, ასევე 7 ფაქტია აღკვეთილი სამცხე-ჯავახეთში, 3-3 ფაქტი კი დაფიქსირდა ქვემო ქართლსა და აჭარაში", - წერია უწყების განცხადებაში.

უწყება ამბობს, რომ გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 45 ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია, 15 შემთხვევაში მონადირეებმა სანადირო იარაღების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარმოადგინეს, 3 შემთხვევაში სამართალდამრღვევები, აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობდნენ და ა.შ.

დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი