ევროსასამართლომ ნიკა მელიას დაკავების საქმეზე დარღვევა არ დაადგინა

გამოქვეყნდა:

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას დაკავების საქმეზე დარღვევა არ დაადგინა.

ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მელია საქართველოს წინააღმდეგ", გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ განმცხადებლის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება არ დარღვეულა.

სასამართლოს ინფორმაციითვე, განმცხადებლის მტკიცებით, მისი დაკავება ემსახურებოდა მის ჩამოშორებას პოლიტიკური ცხოვრებიდან და პოლიტიკური საქმიანობისთვის მის დასჯას. ამ განცხადების გაკეთებისას იგი ეყრდნობოდა კონვენციის მე-18 მუხლს.

სასამართლოს ინფორმაციით, მე-5 მუხლთან ერთობლიობაში კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

სტრასბურგის გადაწყვეტილებას ფეისბუქით გამოეხმაურა ნიკა მელია. ის წერს, რომ დღემდე ევროკავშირის გირაოთია თავისუფალი, მისი საქმე კი  თაროზე დევს და  მასში რომ რაიმე მტკიცებულება იყოს, ისევ დაიჭერდნენ:

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჩემი დაჭერის დროს, ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილს შეეხება:
არ გადავიხადე გირაო, 
ბრალისათვის რომელიც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და პოლიტიკურად მოტივირებული.
დღემდე ევროკავშირის გირაოთი ვარ თავისუფალი, ჩემი საქმე კი დღემდე თაროზე დევს, საქმე რომელშიც რაიმე მტკიცებულების თუნდაც ფაბრიკაცია რომ იყოს შესაძლებელი, აუცილებლად დიდი ხანია ისევ დამიჭერდნენ.
ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა, ბოიკოტი გატეხა და მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია გააკეთებინა მავანს, ვინ შერბოდა პარლამენტში პირველი და ვინ მეორე, კარგად გვახსოვს.
არ მივიღე ამნისტია საქმეზე სადაც არაფერი დამიშავებია, ვატარებდი და გავატარებ ქართველი ხალხის ინტერესს, რომელმაც არ მიიღო გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სკამში, არ მიიღო ლავროვის ოჯახის ზეიმი, არ და ვერ მიიღებს რუსულ ხელისუფლებას და სვლას რუსეთისკენ.
საქმე კი დევს თაროზე, შემდეგ "საჭიროებამდე", ასეთია ოცნების "სამართალი".
ბრძოლა დასრულდება საქართველოს გამარჯვებით და რუსული რეჟიმის დამარცხებით - გამარჯვება კი იქნება ქართული ინტერესის ასახვა და ეროვნული მთავრობის ყოლა." წერს ნიკა მელია.

განცხადება გაავრცელა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომაც:

"დღევანდელი გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ნიკანორ მელიას დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება იყო კანონიერი და ევროპული კონვენციის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. 

ამასთანავე, სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ ნიკანორ მელიას დაკავებაში არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები და არ გაიზიარა მომჩივნის არგუმენტები.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის ივნისის აქციის მსვლელობისას ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი ეცადა პარლამენტში შეჭრას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მას ბრალი წარედგინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისათვის და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30,000 ლარის ოდენობით. სასამართლომ დააწესა მისი ელექტრონული მეთვალყურეობა.

2020 წლის 1-ელ ნოემბერს მიმდინარე აქციაზე,  ნიკანორ მელიამ პროტესტის ნიშნად მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რითაც დაარღვია გირაოს პირობები. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს თანხა გაზარდა 40,000 ლარით. ვინაიდან ნიკანორ მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას აღკვეთის ღონისძიება - გირაო შეეცვალა პატიმრობით. გირაოს თანხის შეტანის შემდეგ, იგი 2021 წლის 10 მაისს გათავისუფლდა.

ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს არგუმენტაცია (წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად) და მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი." აცხადებს ბრეგაძის სამინისტრო.

ცნობისთვის, საქმე ეხებოდა 2019 წლის ივნისის მოვლენებს, როდესაც პროკურატურა, მელიას გავრილოვის ღამის, 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, ელექტრონული სამაჯურის ტარება შეეფარდა.

2020 წლის 1-ელი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. ამის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ  გირაო გაამკაცრა და მელიას 70 000 ლარის გადახდა დააკისრა. 

მელიამ გირაო არ გადაიხადა და 17 თებერვალს მას გირაო პატიმრობით შეეცვალა.

მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისთან სპეცოპერაცია ჩატარდა და პოლიცია შენობაში შტურმით შევიდა. ის 23 თებერვალს დააკავეს.

ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებას საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული განცხადებები და გამოხმაურებები მოჰყვა. გირაოს თანხა ევროკავშირმა გადაიხადა, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა და 10 მაისს მელიამ ციხე დატოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი