პროკურატურის ცნობით, ყაჩაღობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 13 სექტემბერს, ბათუმში, ბრალდებული ხმოვანი პისტოლეტის გამოყენებით, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მოლარე ოპერატორს და დაცვის თანამშრომელს თავს დაესხა და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით 2 000 ლარის გატაცება სცადა.
"ბრალდებული შემთხვევის ადგილზე მისულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, ერთ-ერთ თანამშრომელს ხმოვანი პისტოლეტი მხრის არეში ჩაარტყა და გაქცევა სცადა, რა დროსაც პოლიციელების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. პოლიციელებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს", - წერია უწყების განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.