რუსული საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მიმდებარედ საქართველოს ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
როგორც უწყება განმარტავს, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად
"მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.
ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის საქართველოს დაკავებული მოქალაქე.