ბაჩალიაშვილების ოჯახის მტკიცებით, მათ სუს-ი უთვალთვალებს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, ფონიჭალაში მათ საცხოვრებელ სახლთან "შკოდას" მარკის ავტომანქანა ყოველდღე დადის და გარდაცვლილი გოგონას მშობლებს და მეზობლებს სურათებს უღებს.
გოგონას გაუჩინარებიდან ერთი თვის თავზე ოჯახისთვის კვლავ გაუგებარია გამოძიება რა მასალებზე დაყრდნობით მუშაობს. ბაჩალიაშვილები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ.
ოჯახის ადვოკატი დარწმუნებულია რომ 5 დღის განმავლობაში თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი არ მდგარა იქ, სადაც გოგონა 22 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილი ამბობს რომ მას ამ ხუთი დღის განმავლობაში ნებისმიერი გამვლელი აუცილებლად შენიშნავდა. მითუმეტეს რომ ამ ტერიტორიაზე ხშირია თუნდაც მწყემსების გადაადგილება.
ოჯახის უფლებადამცველმა ამ გარემოების დასამოწმებლად ვიდეოც გასაჯაროვა, რომლითაც ოჯახი და ადვოკატი გამოძიების ვერსიას გამორიცხავს. მომხდარიდან ერთი თვის შემდეგ გამოძიებას არ აქვს კონკრეტული ვერსია. ადვოკატის თქმით, ამ დროისთვის არსებობს ყველა საფუძველი იმის რომ გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყოს
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მათი ადვოკატი ხვალ გენერალურ პროკურატურაში ირაკლი შოთაძეს შეხვდებიან. გარდაცვლილი პროგრამისტის მშობლები საგამოძიებო უწყებისგან მოითხოვენ საქმეზე თვითმკვლელობის მუხლი გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყოს