4 დაღუპული ფონიჭალაში - ბრალდებული მძღოლი დაკავებულია

გამოქვეყნდა:

ფონიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, დაკავებული ფონიჭალის დასახლებაში ავტომანქანით დაეჯახა ქვეითად მოსიარულე 7 პირს, მათგან 4 ადამიანი გარდაიცვალა.  მძღოლმა კი შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისას შეეჯახა გზის გვერდულზე გაჩერებულ ავტომობილს და ქვეითად მოსიარულე 7 პირს: 1996 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, 2016 წელს დაბადებულ ე.ა.-ს, 1974 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, 1991 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, 2009 წელს დაბადებულ ე.ა.-ს, 2013 წელს დაბადებულ რ.ა.-ს და 2016 წელს დაბადებულ ა.მ.-ს. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, პ.გ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ისინი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მიყენებული ტრავმების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ ე.მ. და ე.ა., ხოლო საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ - ა.მ. და მ.მ. - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში 

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსნებეთ, რომ შემთხვევა გუშინ, 15 აგვისტოს გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების თქმით, დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა ჯერ საცხოვრებელ სახლს, შემდეგ კი ქორწილიდან მომავალ ადამიანებს დაეჯახა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი