საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საქართველოში მცხოვრებმა ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეები ო.ფ, ფ.ჩ და ო.მ უკანონოდ, თაღლითურად დაეუფლნენ ამერიკის მოქალაქის 233 250 აშშ დოლარს. პროკურატურამ მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, ნიგერიის მოქალაქეებმა წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სოციალურ ქსელში, გამოგონილი პიროვნების სახელით დაარეგისტრირეს მომხმარებლის გვერდი და კომუნიკაცია დაამყარეს დაზარალებულთან - ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დ.კ-სთან.
ჯგუფის წევრებმა დ.კ დაარწმუნეს, რომ მასთან კომუნიკაციაში იყო საქართველოში მცხოვრები, წარმოშობით გერმანელი ფრენკ ლუკას ბალაკი, რომელსაც თითქოსდა მოგებული ქონდა 900 000 აშშ დოლარის ღირებულების ტენდერი ხიდების მშენებლობასთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში აპირებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დ.კ-ს თან გამგზავრებას, მასთან ოჯახის შექმნის მიზნით.
ნდობის მოპოვების შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, გამოგონილი ქართველი ექიმის სახელით, დაუკავშირდნენ დაზარალებულს და აცნობეს, რომ ფრენკ ლუკას ბალაკი მოყვა ავარიაში და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თანხის გაგზავნა საქართველოში მკურნალობის ხარჯების დასაფარად. ამავდროულად დაარწმუნეს, რომ მკურნალობის მიზნით საქართველოში გადმორიცხული ფულადი თანხები აუნაზღაურდებოდა ხიდების მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერიდან მიღებული შემოსავლებიდან. დაზარალებულმა დ.კ-მ რეალურად აღიქვა მიწოდებული ინფორმაცია და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, ეტაპობრივად, გადმორიცხა ჯამში 233 250 აშშ დოლარი, რომელსაც ო.ფ, ფ.ჩ და ო.მ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ, - წერია უწყების განცხადებაში.
პროკურატურა აღნიშნავს, რომ მიღებული თანხა ლეგალიზაციის, მიზნით ო.ფ-მ, ფ.ჩ-მ და ო.მ-მ დაანაწევრეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით, გადარიცხეს ნიგერიის და თურქეთის რესპუბლიკებში, მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, რითაც ჯამში 86 800 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოხდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა), ასევე საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის"ა"და მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2020 წლის 14 აგვისტოს ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.