ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, იმერეთის რეგიონში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისა და ქონებრივი ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით, ქონების მოჩვენებითი გარიგებით გადამალვის ფაქტებზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, არ ახდენდა კომპანიის გადასახადების სრულად დეკლარირებას, რა გზითაც მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 287 960 ლარის გადახდას. მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულმა კომპანიის საკუთრებაში არსებული 567 076 ლარის ღირებულების ქონება, მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგებით, გადააწერა მისსავე განკარგულებაში არსებულ მეორე კომპანიას, რათა საგადასახადო ორგანოებს ვეღარ მოეხდინათ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადების იძულების წესით ამოღება," - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე და 2051 მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.