ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების დროს საქართველოს ელჩი შვებულებაში გაეშვათ, რამდენიმე დღეში კი უკან დაებრუნებინათ დიპლომატები აფასებენ. მათი თქმით, სპეციალური რეისები და დაგვიანებული პასუხები დამატებით კითხვებს აჩენს.
საქართველოს დიპლომატთა კლუბის წვერი, გიორგი კუბლაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს გაასაჯაროვოს ფრენის დეტალები, თუ ვინ წავიდა და ვინ დაბრუნდა უკან, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.
როდესაც ბელორუსიაში იმართება საპრეზიდენტო არჩევნები და შენ ამ დროს არ გყავს შენი სრულუფლებიანი წარმომადგენელი აქედან ჩანს, რომ შენ არ გაინტერესებს, ან გეშინია, ან არ იცი რა გააკეთო, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ერთად. დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა მისდევს მოვლენებს კუდში. ურთულესი მდგომარეობაა მოძმე ბელარუსში, აქ ესეთი გადაფრენები და გადმოფრენები, როგორც მინიმუმ სერიოზულ ეჭვს იწვევს. გაასაჯაროვეთ ინფორმაცია დეტალურად, რასთან გვაქვს საქმე ვინ გაფრინდა, ვინ მოფრინდა, ეს არ დაიმალება, - თქვა გიორგი კუბლაშვილმა.
"ძალა ერთობაშიას" წევრი, ნიკოლოზ ვაშაკიძე კი ამბობს, რომ ხელისუფლების დაბნეულობა საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს.
თუ სახელმწიფო, ვართ და მთავრობა არიან შეიძლება რაღაც უნდოდეთ კონფიდენციალურად გაეკეთებინათ, მაგრამ მაშინ იმის უნარიც უნდა ჰქონდეთ, რომ კომფიდენციალურობა უზრუნველყონ. თუ ამას ვერ ახერხებენ, და ეს ფაქტი მედიისთვის და საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება, მზად უნდა იყვნენ, რომ დროულად და გასაგებად მისცენ განმარტებები საზოგადოებას, - თქვა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულს საკითხზე ცოტა ხნის წინ კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. უწყება აცხადებს, რომ მინსკში სპეიცალური რეისით საქართველოს ელჩი ჩაფრინდა. საგარეში ამბობენ, რომ ელჩი 6 აგვისტოს შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა, თუმცა ოლო დღეებში ბელორუსში განვითარებული მოვლენების გამო "საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში".
დღესვე, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მინსკში თვითონ ჩაფრინდა. ჟურნალისტის კითხვას, თუ აქვს ინფორმაცია პრეზიდენტს, ვინ იმყოფებოდა მინსკში სპეციალური რეისით, ზურაბიშვილმა უპასუხა - "ეს თქვენი საქმეა, ჟურნალისტები თქვენ ხართ".
16 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინსკში 1 საათით ჩაფრინდა სპეციალური რეისი თბილისიდან იმ თვითმფრინავით, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობს ხოლმე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "მთავარს" უთხრეს, რომ ზურაბიშვილი ამ დღეებში თბილისიდანაც კი არ გასულა.
აქვე, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, თბილისიდან მინსკში გაემგზავრა პარლამენტის ყოფილი დეპუტატი "მოქალაქეთა კავშირის" წევრი ვალერი კვარაცხელია. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინსკიდან თბილისში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვაჟი ჩამოიყვანეს, აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დასტურდება.