"შემთხვევით მივიღე მონაწილეობა ამ აურზაურში" | გამოძიების მტკიცებით, ოპოზიციონერებზე თავდამსხმელები საზღვარზე, მიმალვის მცდელობისას დააკავეს

გამოქვეყნდა:

თბილისის საკრებულოს წევრ, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გლდანის გამგეობის თანამშრომელმა, ტატო ხუნდაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ  ეძგვერაძეზე ჯგუფური თავდასხმა არ მომხდარა, თვითონ კი "ამ აურზაურში" სრულიად შემთხვევით მოხდა. 

გამოძიების მტკიცებით კი, ოპოზიციონერებზე თავდამსხმელები საზღვარზე, მიმალვის მცდელობისას დააკავეს.

"მე ბათუმი-თურქეთის საზღვართან ვიქნებოდი, ცოტა გვიან, რომ გავეჩერებინე, იმიტომ, რომ მეც ბათუმში მივდიოდი ჩემს მეგობრებთან. არავის დაურეკია ჩვენთვის და არ უთქვიათ, რომ ვიძებნებოდით და საქმე ჰქონდათ აღძრული... არავინ არაფერ დანაშაულს არ გავურბოდით ჩვენ ბიჭები, რომლებიც ღირსების ადამიანები ვართ.. მაგრამ მიზეზს, ხომ გააჩნია რა და რატომ მოხდა. ჩვენ იმ უბანში დავიბადეთ და გავიზარდეთ, სხვათა შორის, ბატონი ირაკლი ეძგვერაძე ჩემს ოჯახშია გაზრდილი მამაჩემის მიერ. ჩვენი ბავშვობის მეგობარია, ჩვენ ამ უბანში ყოველდღე ვართ, ან ფეხბურთს ვთამაშობთ, ან ვსეირნობთ.. იმათი მხრიდან მოხდა აი ასეთი სპეკულაცია, რაღაც გამოხტომები "კახი კალაძის მონები" "კახი კალაძის სადამსჯელო რაზმი", როცა რეალურად ხმაც კი არასდროს არ მიგვიცია, არც იციან საერთოდ ასეთი რაღაცები. მე ვაღიარებ, რომ მქონია მონაწილეობა მიღებული არჩევნებში.. მე ვარ საჯარო მოხელე, გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომელი და რადგან მოხდა ფაქტი, რომ მე შემთხვევით მივიღე მონაწილეობა აი ამ აურზაურში, ამის გამოყენება უნდათ პოლიტიკურად", - ამბობს ტატო ხუნდაძე.

გარდა ამისა, მეორე ბრალდებულიც ამტკიცებს, რომ მათი შეხვედრა ავტოფარეხში თავად ეძგვერაძის ინიციატივით მოხდა, რის შემდეგად ეძგვერაძე მათ მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ინიციატივას იჩენდა. 

"ეგ ადამიანი, რომ შეგვხვდა ჩვენ და ეგ შეხვედრა იყო შემთხვევითი, მაგ ადამიანმა თავისი ინიციატივით თავად შეგვიყვანა გარაჟში და ამის მერე  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენების ინიციატივას იჩენდა,ეს იყო რეალობა და პასუხიც არ იყო ის, რომ ავმდგარიყავით და ამხელა ბიჭებს ცემა-ტყეპა დაგვეწყო იმათთვის და ხელის კვრა, რაც მიზეზს გაძლევთ, რომ ორწლიანი ბრალდება დააყენოთ ჩვენს წინააღმდეგ მაგრად ცდებით, რადგან რეალურად მაგის საფუძველი არაფერია.

2 დაზარალებული ვნახე დღეს, და ერთი "ფინგალი" არ ჰქონდა და ნახაზია არცერთს სახეზე და, რომ იძახიან ტვინის შერყევა გვაქვსო, სამედიცინო დასკვნაც არაა მაგასთან დაკავშირებით დადებული და ეგ იმის საფუძველს არ იძლევა, რომ ეგ ადამიანი ხელკეტებით დავაზიანეთ და რამდენიმე ადამიანი ვურტყამდით, როდესაც გაშველების პროცესში იყო უმეტესობა აქ ვისაც ხედავთ ჩართული და თუ ვინმეს ფიზიკური შეხება ჰქონდა, ხელის კვრის მეტი არაფერი არ მომხდარა და თუ ჩვენებები თქვენ რაც გიდევთ, თუ ვინმეს იქ უწერია საკუთარ თავზე რამე, ეს მეგობრული ჟესტიკულაციიდანაა და იქიდან გამომიდინარე გამოსული, რომ  ბიჭებს არ აქვთ გამოცდილება, როგორ განვითარებულიყო მოვლენები  და სუფთად, ვაჟკაცურად და კაცურად საკუთარ  თავზე ცდილობდნენ აეღოთ ის, რაც არ აქვთ გაკეთებული", - ამბობს ერთ-ერთი ბრალდებული.

ცნობისთვის, გლდანში ოპოზიციონერებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ექვსივე პირი პატიმრობაში დატოვეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი