თამარ ბაჩალიაშივლის საქმეს გენერალური პროკურატურა გამოიძიებს

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშივლის გარდაცვალების საქმის გამოძიებას პროკურატურა გააგრძელებს. ბაჩალიაშვილის ოჯახისა და ადვოკატის შეხვედრა გენპროკურორის შორის ცოტა ხნის წინ დასრულდა. ისინი უწყებაში ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ. მომდევნო შეხვედრა ხუთშაბათს უნდა შედგეს და სწორედ ამ დღეს გადაწყდება რომელი ქვეყნის საგამოძიებო ჯგუფი ჩაერთვება საგამოძიებო პროცესში.

გარდა ამისა, ბაჩალიაშვილის ოჯახმა დღეს შოთაძისგან მიიღო დაპირება, რომ უახლოეს დღეებში ექსპერტიზის პასუხი ცნობილი იქნება და სავარაუდოდ გაირკვევა, რა გახდა 23 წლის ახალგაზრდას სიკვდილის მიზეზი.

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის ოჯახისა და ოჯახის ადვოკატის მთავარი მოთხოვნა გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირება და ძიების განზრახ მკვლელობის მუხლით განახლებაა. მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ საკმარისი მტკიცებულებები აქვს გამოძიების მიმართულების შესასცვლელად.
რამიშვილმა დღეს ქვეყნის პირველ პროკურორს ის ვიდეო კადრები მიუტანა, რომელიც მისი თქმით, ამტკიცებს, რომ 18 ივლისიდან  22 ივლისამდე თამუნას ავტომობილი გოლთეთის მიმდებარე მინდორზე არ მდგარა. 

განსაკუთრებით ბევრი კითხვა გააჩინა სატელეფონო ზარმა ნორვეგიიდან, რომელიც გუშინ ნიკა გვარამიას გადაცემა "მთავარ აქცენტებში" გარდაცვლილის დედამ მოისმინა. თეონა ყურუას მონათხრობით თამარ ბაჩალიაშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ცდილობდა ქვეყნიდან გაქცევასა და პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას.

ამ ზარისა და თეონა ყურუას მონათხრობის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ მისთვის ბევრ კითხვას გაეცა პასუხი, მაგალითად იმას, თუ რატომ იმეგობრებდა თამარი სოციალურ ქსელში ჟურნალისტებსა და საელჩოების წარმომადგენლებს. 

გარდაცვლილის ოჯახი და ადვოკატი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დუმილსაც საეჭვოდ თვლიან. მიხეილ რამიშვილმა დღეს პირველად გააკეთა კატეგორიული განცხადება და არ გამორიცხა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა გააყალბოს. გარდაცვლილის მშობლები კი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას აპირებენ.

მაშინ, როცა ოჯახი პოლიტიკურ დევნასა და ზეწოლაზე საუბრობდა. საქმეში ისევ გამოჩნდა ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც შს სამინისტროში საკუთარი ინიციატივით მივიდა და ისრების გადატანას ისევ კომპანია ZAG- ისკენ  შეეცადა.  ლობჟანიძე ამტკიცებდა, რომ თამარზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მისმა თანამშრომლებმა ნიკოლოზ გეჯაძემ და ნინო ტატანაშვილმა მოახდინეს. ლობჟანიძე დღეს ამტკიცებდა, რომ თამარისგან ქვეყნის დატოვების შესახებ არაფერი სმენია და არც მის გამქრალ მეხსიერების ბარათებზე იცის რამე.  

კომპანია ZAG -ში ბაჩანა ლობჟანიძის ბრალდებებს ისევ აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ მათი ყველა თანამშრომელი გამოკითხულია და ჩხრეკებიც ჩატარებულია. 

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნიდან თითქმის ერთი თვე გავიდა, ამ დრომდე გამოძიებას პასუხი ოჯახისა და ადვოკატის არცერთი კითხვისთვის  არ გაუცია. ოჯახის კვალის გაქრობის მცდელობაზე საუბრობს, გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და უცვლელი მოთხოვნა აქვს - საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს გამომძიებლები ჩაერთონ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი