კაცი, რომელსაც ორი გოგო გაუპატიურებაში ადანაშაულებს, შსს-მ ელექტრონული სამაჯურით გაუშვა - "საფარი"

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" იცავს 18 და 19 წლის ქალების ინტერესებს, რომელთა მიმართ იკვეთება 60 წლის კაცის მხრიდან ჩადენილი შემდეგი დანაშაულების ნიშნები: გაუპატიურება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა, ადევნება, პირადი ხასიათის ინტიმური შინაარსის შემცველი ფოტო-ვიდეომასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება, იძულება, ტრეფიკინგი.

ორგანიზაციის ცნობით, სავარაუდოა, რომ იგივე პირი სხვა არასრულწოვანების მიმართაც ჩადიოდა მძიმე დანაშაულს. Მათგან ორი უკვე იდენტიფიცირებულია.

ქალებმა პოლიციას 19 სექტემბერს მიმართეს, თუმცა ორგანიზაციის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი ამ დრომდე არ გამოუკითხავთ და მის საქმეზე არც გამოძიება დაწყებულა. მეორე ქალი კი, ორგანიზაციის თქმით, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის დროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ამასთან, მსხვერპლს განყოფილებაში მოძალადის გვერდით ხანგრძლივი დროის გატარება მოუწია.

"რაც შეეხება მეორე ქალს - მისი დაცვის მიზნით გამოიცა შემაკავებელი ორდერი და მოძალადეზე დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა. "საფარი" მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, ეს სრულიად არასაკმარისი ღონისძიებაა ქალის დასაცავად.

გარდა ამისა, ახალგაზრდა ქალი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის დროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მას აიძულეს გაუპატიურების შესახებ ესაუბრა კაცი პოლიციელების წინაშე.

გამოკითხვისას პოლიციელები გამოძიებისთვის სრულიად არასაჭირო და ქალისთვის დამამცირებელ კითხვებს უსვამდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთ მსხვერპლს პოლიციის განყოფილებაში ხანგრძლივი დროის გატარება მოუწია მოძალადის გვერდით, რაც მისთვის დამატებითი სტრესი იყო.

მოძალადე ამ დრომდე არ დაუკავებიათ!

"საფარი" მიიჩნევს, რომ პოლიციის იმ განყოფილების მიერ მიღებული ზომები, რომელიც ამ ეტაპზე იძიებს საქმეს, არის არაეფექტური. არსებობს რისკი, რომ იმავე განყოფილებაში, იმავე პოლიციელებთან კომუნიკაციისას, ქალს დაუმძიმდეს ემოციური ფონი და გახდეს განმეორებითი ვიქტიმიზაციის მსხვერპლი," - ნათქვამია განცხადებაში.

"საფარი" მოითხოვს, რომ ინტიმური შინაარსის პირადი და პერსონალური ინფორმაციის მოპოვება-შენახვა-გავრცელების ნაწილში სისხლის სამართლის მიმართულებით გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყოს, სხვა დანაშაულები კი გადაეცეს თბილისის მთავარ საგამოძიებო სამმართველოს.

ორგანიზაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში საქმეში ჩაერთოს არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოც. "საფარი" მიმართავს სახალხო დამცველსაც, დაინტერესდეს ამ საქმით და გამოძიების პროცესს გაუწიოს შესაბამისი მონიტორინგი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი