ვასილ მაღლაფერიძის გადადგომამ შესაძლოა საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიზისი გამოიწვიოს. ამის შესახებ ვარაუდს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოთქვამენ, რომლებიც წლებია აკვირდებიან მაუწყებლის მუშაობას და მის პოლიტიკას.
მათივე თქმით, მაღლაფერიძის წასვლა სავარაუდოდ მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა და ხელოვნური კრიზისის გამოწვევა მაუწყებელში წინასაარჩევნოდ, მმართველ პარტიას აწყობს
"საზოგადოებრივი მაუწყებელი წლების განმავლობაში, როდესც ბატონი ვასილი იყო დირექტორი, იყო პროსახელისუფლებო. მისი გადადგომა კიდევ უფრო ამყარებს ჩემთვის ეჭვს, ხოლო რა იქნება სამომავლოდ და როგორ მოესწრება ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ, იმიტომ რომ ვადებში შეზღუდულია ახლა სამეურვეო საბჭო, დააკომპლექტოს მენეჯმენტი, შესაბამისად ეს ყველაფერი კრიზისს წარმოქმნის მაუწყებლის გარეშემო და შეიძლება ესეც იყო ერთ ერთი მიზანი ამ გადადგომის" ამბობს IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე კი ამბობს, რომ მაუწყებელმა დღეს კიდევ ერთი დარტყმა მიიღო. მისი თქმით, ადამიანმა, რომელმაც წესით თავის თავზე უნდა აიღოს, არხის მიუკერძოებლობა, ამას ვერ აკეთებს და თანამდებობას ტოვებს.
შეგახსენებთ, რომ ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს, 18 აგვისტოს გაავრცელა. გენერალური დირექტორის პოზიციაზე კი დროებით მისი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა.
თავად მაღლაფერიძე კი არ ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დატოვება მის პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება