"ფორმულას" ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს, ნიკოლოზ გუგეშაშვილის 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბრალდებული ოჯახური მდგომარეობის გამო გათავისუფლებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა.
მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
28 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ მშვილდაძეს თავს ის დაესხა. ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. 29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.
5 ივლისს, "ფორმულამ" გაარკვია, რომ მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.
11 სექტემბერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თავდასხმის საქმე დახურულად გამოაცხადა. დაზარალებული დავის გაგრძელებას საერთაშორისო სასამართლოში აპირებს.