სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ყვარლის რაიონში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი. შემთხვევა 4 ოქტომბერს, ღამის საათებში მოხდა.
"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2023 წლის 04 ოქტომბერს, ღამის საათებში, ყვარლის რაიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი თ.ო. ნაცნობ პირებთან ერთად სუფრაზე იმყოფებოდა, სადაც, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იქ მყოფ პირებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. დაცვის პოლიციის ინსპექტორმა, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რა დროსაც, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა გ.გ. ხოლო მეორე მოქალაქემ სხეულის დაზიანება მიიღო", - წერია უწყების განცხადებაში.
უწყება ამბობს, რომ განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაული სასჯელის სახედ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.