ბაჩალიაშვილის საქმის უცნობი გარემოებები - პროკურატურამ გამოძიების ახალი სერია დაიწყო

გამოქვეყნდა:

"ტოიოტა ქამრის" მარკის შავი ავტომობილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში დღეს პირველად გაჩნდა. ოჯახიც და ბაჩალიაშვილების მეზობლებიც ამბობენ, რომ საეჭვო ავტომობილი ერთი თვის მანძილზე მათ საცხოვრებელ კორპუსთან, თამარის ბინის ფანჯრებთან, გვიან ღამემდე მორიგეობდა. მათივე მტკიცებით, ავტომობილში მუდმივად იჯდა ორი პირი, რომლებსაც თან კომპიუტერული მოწყობილობები ჰქონდათ.

საეჭვო ავტომობილის შესახებ ინფორმაცია ოჯახმა პროკურატურის თანამშრომლებს მიაწოდეს. სწორედ ამ ეპიზოდის მოკვლევით დაიწყო პროკურატურამ საქმეზე მუშაობის პირველი დღე. სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისას ამოღებულია როუტერი, რათა დადგინდეს, ბაჩალიაშვილების კომპიუტერებისა და მობილურების გარდა ინტერნეტ მოწყობილობაზე ჰქონდა თუ არა სხვა მოწყობილობას წვდომა. გამოკითხვაზე დაიბარეს ის მეზობლები, რომლებმაც ავტომობილი თამარის გარდაცვალებამდე არაერთხელ შენიშნეს, შემდეგ კი გაქრა.

გამოკითხვების პარალელური სერია გრძელდება შს სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში. დღეს უწყებაში თამარ ბაჩალიაშვილის მამა მარტო პირველად დაიბარეს. გომელაურის უწყება ჯუმბერ ბაჩალიაშვილის ერთი თვის წინანდელი განცხადებით დაინტერესდა. ბაჩალიაშვილი, რომელმაც ქვემო ქართლის პოლიციის უფროსი შანტაჟში დაადანაშაულა დღეს ამ საქმეზე პირველად გამოკითხეს. ბაჩალიაშვილი ასევე ამბობს, რომ მის ოჯახსა და მეზობლებს სავარაუდოდ პოლიციის წარმომადგენლები უთვალთვალებენ. 

საქმის გადაბარების შემდეგ პროკურატურამ გამოძიების ახალი სერია დაიწყო, როგორც ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, გაირკვა რომ ამ დრომდე შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაზე შეიძლება ითქვას, რომ საქმეზე არ უმუშავია. ამ დრომდე არ დადებულა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რაც ასევე საეჭვო დეტალია.  

გამოძიების გადაბარების შემდეგ გენერალური პროკურორი ოჯახს დაჰპირდა, რომ ექსპერტიზის დასკვნას ხუთშაბათს დადებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაცვლილის დედა, რადიკალური ზომების მიღებას აპირებს. 

ხუთშაბათს ირაკლი შოთაძესთან ოჯახი მორიგ შეხვედრაზე მივა. პირველმა პროკურორმა გარდაცვლილის მშობლებს უნდა შეატყობინოს, რომელი ქვეყნის საგამოძიებო ჯგუფს ჩართავს საქმეში, თეონა თამაზაშვილს იმედი აქვს, რომ შოთაძე საქმის გადაბარებიდან პირველივე ჯერზე იმედს არ გაუცრუებს და ამერიკელი გამომძიებლების მოწვევის პირობას არ შეცვლის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი