ყვარელში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ბრალდებული თემურ ოთინაშვილისათვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

პროკურორის განმარტებით,  ბრალდებულის პირადი კავშირები მოწმეებთან, სამართლადამცავ ორგანოებში მუშაობა, საექსპერტო ნიმუშების მოპოვების შესაძლებლობა, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და საკუთრებაში  არსებული  სხვადასხვა ტიპის იარაღი, პატიმრობის საფუძველს წარმოადგენდა.

დაცვის მხარე კი ბრალდებულისათვის 20 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. თავად ბრალდებულმა, დუმილის უფლება გამოიყენა.

ერთ-ერთი ვერსიით, ოთინაშვილი შსს-ს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პირადი დაცვის წევრია, თუმცა ადვოკატი და პროკურორი უწყებიდან ამ ეტაპზე დამაზუსტებელ ინფორმაციას ელოდებიან. წინასასამართლო სხდომა 28 ნოემბერს ჩატარდება.

შეგახსენებთ, მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტში 3 ოქტომბერს მოხდა. ოთინაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თანასოფლელი, 47 წლის გელა გუჩმაზაშვილი, მოკლა, დაიჭრა ერთი პირი.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი