სასტიკი მკვლელობა ხაშურში - ახალგაზრდა ქალი ყოფილმა მეუღლემ იარაღის კონდახით სცემა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. უკვე 8 საათია, პოლიცია ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძეს ეძებს.
32 წლის მამაკაცი ნათია გოგოლაძის მკვლელობის შემდეგ მიიმალა. „მთავარი არხი“ ხაშურში დეკანოიძის საცხოვრებელ სახლშიც იმყოფებოდა, თუმცა ეჭვმიტანილის შესახებ აქ არავინ არაფერი იცის, ის დროებით მისამართზე ქირით ცხოვრობდა. პოლიციამ გამოკითხა ყველა მეზობელი, თუმცა ადგილსამყოფელი მაინც ვერ დაადგინა.
30 წლის ნათია გუბელაძის მოსაკლავად ყოფილმა ქმარმა მთელი ოპერაცია დაგეგმა. ჯერ დილით, ხაშურის ცენტრში მეორადი ტანსაცმელების მაღაზიაში მივიდა, სადაც ნათია გამყიდველად მუშაობდა და შენობაში ხელყუმბარა შეაგდო, თუმცა არ აფეთქდა. ამის შემდეგ კი მაღაზიაში ყოფილ ცოლთან შევარდა და იარაღის კონდახით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.
მთელი დღის განმავლობაში თამარ მეფის გამზირი ხაშურში გადაკეტილი იყო, აფეთქების საფრთხის გამო ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობდნენ, დღის ბოლოს მათ ყუმბარის გაუნებელყოფა მოახერხეს.
ნათია გუბელაძე და ირაკლი დეკანოიძე დიდი ხანია გაშორებულები არიან, დღეს კი სასამართლოში განქორწინების აქტი უნდა გაფორმებულიყო.
ნათია გუბელაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს ადგილობრივები. 30 წლის ქალის ცხედარს ახლა გორში ექსპერტიზა უტარდება, გვიან ღამით კი მას ისევ ხაშურში, საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ.