სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის, დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორი იქნა მხილებული.
უწყების ცნობით, 1 აგვისტოს, №10-ე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 1 აგვისტოს, №10-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, ინსპექტორ-კონტროლიორმა, რომელსაც პატიმარ გ.გ.-ს სათანადო მეთვალყურეობა ევალებოდა არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და არ გადაამოწმა საკნის სააბაზანო ოთახში მყოფი მსჯავრდებული. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა პატიმარმა სააბაზანოში შეტანილი ზონრის გამოყენებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა", - წერია განცხადებაში.
უწყება ამბობს, რომ გამოიკითხა 35 პირი, დათვალიერდა №10 პენიტენციური დაწესებულება და შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, ჩატარდა კომპლექსური ქიმიური, ბიოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო, მიკრონაწილაკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები, ასევე მოპოვებული იქნა ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობისთვის, სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა.
დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.