ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს ბიძა დააკავეს

გამოქვეყნდა:

ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - შსს-ს ცნობით, დაკავებულია 14 წლის გოგოს ბიძა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის გოგონას ბიძა - 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.მ., ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2009 წელს დაბადებული ა.შ. გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა 1996 წელს დაბადებულ ა.ს. -ს. აღნიშნულის შემდეგ, ა.ს. - მ არასრულწლოვან გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში წაიყვანა.
გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო ა.ს.- ს მხრიდან ა.შ.-ს მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
გოგონას წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრალდებული არასრულწლოვანს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით კვლავ აიძულებდა ა.ს. -სთან იძულებით ქორწინებაში დარჩენას.
მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ა.ს. - მ ა.შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ა.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ბრალდებით დააკავეს.
ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა და სსკ-ის 376-ე მუხლებით მიმდინარეობს." ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მკვლელობაში ბრალდებული "ქმარი" ასიმ ასლანოვი შსს-მ გუშინ დააკავა.  9 ოქტომბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ ასლანოვს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა, რადგან ის იმ დროს მიმალვაში იმყოფებოდა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

გამოძიების ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით  (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის გოგო 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლარიდან იყო. ის 2 თვის წინ გაიტაცეს და იძულებით ქორწინებაში იმყოფებოდა. ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო ოჯახიც, სკოლაც, განათლების რესურს ცენტრიც.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი