ღამით მარნეულის ცენტრში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ეჭვმიტანილი მიმალვაშია, მას პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.
ირკვევა, რომ მოკლულია 35 წლის რამიჰ გაჰრამაზლი. ადგილობრივები ყვებიან, რომ მოკლულს ჩასაფრება მოუწყო ასევე მარნეულის მცხოვრებმა, 40 წლის კაცმა.
მათივე თქმით, ეჭვმიტანილმა მოკლულს მეჩეთთან ჩასაფრება მოუწყო, შემდეგ კი გასროლის ხმა გაიგეს. ის ადგილზევე დაიღუპა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
"ეზოში ვიჯექი და სროლის ხმა გავიგე. რომ გამოვედი გარეთ, ის უკვე იწვა. სამი-ოთხი გასროლა იყო. მერე სასწრაფო და პოლიცია მოვიდა. სხვა არაფერი ვიცი. არც გასროლამდე გამიგია რამე. ალბათ რვის ნახევარი ან რვა საათი იქნებოდა. ჩვენ გვერდით სასურსათო მაღაზიაა და იმათ აქვთ სათვალთვალო კამერა. ალბათ უკვე ამოიღეს ჩანაწერები, მაგრამ ამბობენ, რომ თავდამსხმელი ნიღბით იყო", - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.