
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას ბიძაშვილი, თამუნა ბებუა ამბობს, რომ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საგანგაშოა. ის უკვე 3 წელია, რაც უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
როგორც თამუნა ბებუა აღნიშნავს, სახელმწიფო მისი გათავისუფლების პროცესში სათანადოდ ჩართული არაა:
"სახელმწიფო არ არის სათანადოდ მონდომებული და ჩართული. არ სურს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლის გასათავისუფლებლად რაიმე ქმედითი ნაბიჯები გადადგას. დღესდღეობით და არა მარტო დღეს, ამნისტიის სიასთან დაკავშირებით იყო ბევრი ისეთი ფაქტორები, რომელთა დაკავშირებითაც შეიძლებოდა რაიმეს ირაკლის სასიკეთოდ გამოყენება, თუმცა არ მოხდა თუ ვერ მოხდა, ეს უკვე ნათლად ჩანს მთავრობის მხრიდან. 3 წლის თავზე თამამად შემიძლია ოჯახის სახელით ვთქვა, რომ ირაკლის გასათავისუფლებლად, რეალურად, არაფერი კეთდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე საგანგაშოდ რჩება და ყოველი დღე მისი ციხეში გატარებული შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს მისი ჯანმრთელობისთვის. ირაკლი ბებუა დაკავებული არის 3 წლის წინ, 30 სექტემბერს, გალის კულტურის მოედანზე, დროში დაწვის გამო. ამ ფაქტს მოჰყვა კიდევ უამრავი დამამძიმებელი ფაქტორი, რომელიც, რა თქმა უნდა, ხელოვნურად იქნა გამოწვეული," - ამბობს თამუნა ბებუა.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფება - ქრისტინე თაკალანძე და ირაკლი ბებუა, რომელიც სასჯელს აფხაზეთის დროშის დაწვისთვის იხდის.
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის აქტი ორ თვეში ამოქმედდება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენი ადამიანი გათავისუფლდება ციხიდან.
როგორც Эхо Кавказа-ს ე.წ.-მა დეპუტატმა დაუთ ხუტაბამ განუცხადა, ამნისტია ოთხ ვეტერანზე გავრცელდება და ის ბებუას არ შეეხება. უცნობია გაათავისუფლებენ თუ არა თაკალანძეს.
ავტორი: საბა ბუაძე
ასევე ნახეთ: