გალში ე.წ აფხაზური დროშის დაწვის გამო დაკავებულ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
"ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, უკანონოდ მიესაჯა.
აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან.
ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე", - წერია განცხადებაAdd contentში.
შეგახენებთ, რომ ბებუას ბრალად სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზური დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ბრალდება. ის აღიარებს, რომ ოკუპანტების სიმბოლიკა ნამდვილად დაწვა, თუმცა ხელყუმბარების ფლობას უარყოფს.
მოგვიანებით მომხდარს ომბუდსმენიც გამოეხმაურა - სახალხო დამცველმა საქართველოს ხელისუფლებას საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვისკენ მოუწოდა.
საკითხის შეფასებისას ანალიტიკოსებმა თქვეს, რომ "ქართული ოცნების" უმოქმედობამ საოკუპაციო რეჟიმის გააქტიურება გამოიწვია, რუსეთის პირისპირ კი საქართველოს მოქალაქეები დაუცველად დატოვა.
7 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქციაც გამართეს და ირაკლი ბებუას გათავისუფლება მოითხოვეს.
ცნობისთვის, ბებუას ოჯახმაც მისი გათავისუფლება და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა ითხოვა. დაპატიმრებულის ახლობლები ამბობენ, რომ მას არაერთი მძიმე დაავადება აქვს, რის გამოც არ გამორიცხავენ, რომ ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება.